მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (UMass Chan) კვლევამ, რომელიც ჟურნალ Science-ში დღეს გამოქვეყნდა და 2000-ზე მეტ წმინდა სისხლისა თუ შერეული ჯიშის (მეტის) ძაღლს მოიცავდა, აჩვენა, რომ ძაღლის ქცევითი მახასიათებლები ჯიშზე არ არის დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, ოქროსფერი რეტრივერი სხვა ჯიშის ძაღლზე მხოლოდ ოდნავ უფრო მეტად მეგობრული შეიძლება იყოს.
„მართალია, ‘მეგობრულობა’ ის თვისებაა, რომელსაც ოქროსფერ რეტრივერებს ხშირად მივაწერთ, თუმცა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ ჯიშის განმსაზღვრელი კრიტერიუმი მხოლოდ ფიზიკური მონაცემებია — ყურების ფორმა, ბეწვის ფერი და ხარისხი, ზომა — და არა მისი ხასიათი,“ — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ელინორ კარლსონმა, UMass Chan-ის მოლეკულური მედიცინის ასოცირებულმა პროფესორმა და Broad Institute-ის ხერხემლიანთა გენომიკის ჯგუფის დირექტორმა. „მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკა ნებისმიერი ძაღლის ინდივიდუალიზმის ფორმირებაში როლს თამაშობს, კონკრეტული ჯიში ამ თვისებების სანდო ინდიკატორი არ არის“.
ძაღლების ქცევითი დარღვევები ხშირად განიხილება როგორც ადამიანის ნეიროფსიქიატრიული აშლილობების ბუნებრივი მოდელი. მაგალითად, ობსესიურ-კომპულსიური ქცევები ადამიანებსა და ძაღლებში ხშირად მსგავსად ვლინდება. დნმ-ის სეკვენირების ტექნოლოგიისა და პატრონებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, რომლებსაც თავიანთი ძაღლების ქცევის დეტალური აღწერა შეუძლიათ, გენომის მასშტაბურ კვლევებს (GWAS) აქვს პოტენციალი, გამოავლინოს ძაღლის გენომის ის უნიკალური უბნები, რომლებიც ადამიანის მსგავსი გენების შესწავლაში დაგვეხმარება. კარლსონი და მისი კოლეგები აჩვენებენ, რომ ძაღლებზე ჩატარებულ ფართომასშტაბიან გენეტიკურ კვლევებს ქცევით მახასიათებლებთან დაკავშირებული გენეტიკური ლოკუსების აღმოჩენა შეუძლიათ.
გენომის მასშტაბური ასოციაციური კვლევა გენეტიკის კვლევის მეთოდია, რომელიც გენომის ვარიაციების კონკრეტული უბნების გარკვეულ ფენოტიპებთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. მაგალითად, ერთი და იმავე დაავადების მქონე ასობით ათასი ადამიანის სრული გენომის შესწავლა მკვლევრებს საშუალებას აძლევს, იპოვონ ის ფართო ზონები გენომში, რომლებსაც კონკრეტული დაავადების პროგნოზირება შეუძლიათ ან თავად არიან მისი გამომწვევნი.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ნაშრომი 18 000-ზე მეტი პატრონის გამოკითხვას და მათი ძაღლების დნმ-ის ნიმუშების ანალიზს ეყრდნობა. შედეგად გამოვლინდა ძაღლის გენომის 11 უბანი, რომელიც ძლიერ კავშირშია ქცევასთან; რაც გასაკვირია, არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა ჯიშისთვის სპეციფიკური.
„ძაღლის ხასიათსა და ქცევას მრავალი გენი და ცხოვრებისეული გამოცდილება აყალიბებს. ამიტომ, სელექციის გზით ამ ნიშნების გამოყვანა რთულია,“ — აღნიშნავს დოქტორი კარლსონი. „უმეტესწილად, სუფთა ჯიშის ძაღლები სხვა ძაღლებისგან მხოლოდ მცირედით განსხვავდებიან. ოქროსფერი რეტრივერი მეტისზე ან სხვა ჯიშის ძაღლზე, მაგალითად ტაქსაზე, სულ ოდნავ უფრო მეტად მეგობრული შეიძლება იყოს“.
თანამედროვე ძაღლის ჯიშების ჩამოყალიბების ისტორია ევოლუციური თვალსაზრისით საკმაოდ მოკლეა, თუ მას პრეისტორიული მგლების მოშინაურების ხანგრძლივ ისტორიას შევადარებთ. გენეტიკური კვლევები მგლიდან ძაღლამდე ტრანსფორმაციას დაახლოებით 10 000 - 15 000 წლის წინანდელ პერიოდს უკავშირებენ. ადამიანებმა მიზნობრივი სელექცია მხოლოდ 2000 წლის წინ დაიწყეს, როცა ძაღლებს სამუშაო ფუნქციების (ნადირობა, დაცვა, მწყემსვა) მიხედვით არჩევდნენ. მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყო სელექცია ფიზიკური და ესთეტიკური ნიშნების მიხედვით, რასაც დღეს თანამედროვე „სუფთა“ ჯიშებს ვუკავშირებთ.
და მაინც, თანამედროვე ჯიშებს ხშირად მიაწერენ ისეთ თვისებებსა და ტემპერამენტს (გაბედულობა, მოსიყვარულე ბუნება, მეგობრულობა, წვრთნადობა), რომლებიც მათი წინაპრების ფუნქციურ დანიშნულებას უკავშირდება. ანალოგიურად, ითვლება, რომ ჯიშის წარმომავლობა ტემპერამენტსა და ქცევას განსაზღვრავს. დნმ ტესტები მარკეტინგულად ისეა შეფუთული, თითქოს პატრონებს შინაური ცხოველის ინდივიდუალური ხასიათის გაგებაში ეხმარება. თუმცა, რეალურად ცოტაა ისეთი გენეტიკური კვლევა, რომელიც ქცევით ტენდენციებს წარმომავლობასთან ან გენეტიკურ ფაქტორებთან აკავშირებს.
გენომის რუკების შედგენის ტექნოლოგიებისა და „დარვინის კიდობნის“ (ღია მონაცემთა ბაზა, სადაც პატრონები ძაღლების შესახებ ინფორმაციას აზიარებენ) მეშვეობით მიღებული გამოკითხვების შეჯერებით, კარლსონმა და სტატიის პირველმა ავტორმა, კეტლინ მორილმა, თანამედროვე ჯიშებსა და ქცევით მახასიათებლებს შორის არსებული რთული კავშირი შეისწავლეს.
კარლსონი, მორილი და მათი კოლეგები ცდილობდნენ ძაღლის გენომის უბნები კონკრეტულ ქცევით თვისებებთან დაეკავშირებინათ. პატრონები, რომლებიც „დარვინის კიდობნის“ პროექტში მონაწილეობდნენ, მეცნიერებს ნერწყვიდან მიღებულ დნმ-ის ნიმუშებს აწვდიდნენ. მკვლევრებმა ამ ნიმუშებზე სრული გენომის სეკვენირება ჩაატარეს, რათა კვლევისთვის სანდო გენეტიკური ბაზა შეექმნათ. გარდა ამისა, პატრონებმა შეავსეს 12 კითხვარი (ჯამში 117 კითხვა) თავიანთი ცხოველების ქცევისა და ფიზიკური ნიშნების შესახებ. ეს გაერთიანებული მონაცემები გახდა გენეტიკასა და პატრონის მიერ აღწერილ ქცევას შორის კავშირის შეფასების საფუძველი.
„საკმარისად დიდი შერჩევის პირობებში, გენომის მასშტაბური კვლევა გენეტიკის შესასწავლად უძლიერესი იარაღია,“ — ამბობს მორილი. „ასეთ მოცულობას მხოლოდ ყველა ძაღლის ჩართვით ვიღებთ — არა მხოლოდ ჯიშიანების, არამედ მეტისებისაც. ჩვენ კომპიუტერულად ვადარებთ დნმ-ის ყველა თანმიმდევრობას, რათა ვიპოვოთ საინტერესო განსხვავებები და მსგავსებები“.
კარლსონმა და მორილმა 2000-ზე მეტი გენომის ნიმუში და 200 000 საპასუხო კითხვარი შეაგროვეს. რადგან ძაღლის ქცევასა და ჯიშებზე ძლიერი სტერეოტიპები არსებობს, ავტორებმა კვლევა ისე დაგეგმეს, რომ პატრონის სუბიექტურობა ნაწილობრივ გამოერიცხათ. ამისთვის შემოიღეს ქცევითი ნიშნების აღწერისა და შეფასების სტანდარტული განმარტებები: მორჩილება (ადამიანის მითითებაზე რეაგირება), სოციალურობა (ადამიანებთან, მათ შორის უცნობებთან, კომფორტული ურთიერთობა) და სათამაშოებთან ინტერაქცია. ფიზიკური და ესთეტიკური სტანდარტები კი „ამერიკული კენელ კლუბის“ მონაცემებს ეფუძნებოდა.
ქცევითი მონაცემების ანალიზი ჩატარდა როგორც პატრონების მიერ დასახელებული, ისე გენეტიკურად დადგენილი ჯიშების მიხედვით. 78 ჯიშის მონაცემების დამუშავებამ აჩვენა, რომ მართალია ჯიში ქცევის ვარიაციებს გარკვეულწილად ხსნის, მაგრამ მისი წვლილი საკმაოდ მცირეა (9 პროცენტი). ზოგიერთი ქცევითი თვისებისთვის, მაგალითად სათამაშოებით თამაშისთვის, ასაკი უფრო ზუსტი ინდიკატორი აღმოჩნდა: ახალგაზრდა ძაღლებს ამ კატეგორიაში უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. ფიზიკური ნიშნები, მაგალითად ბეწვის ფერი, ჯიშის მიხედვით 5-ჯერ უფრო ზუსტად პროგნოზირდება, ვიდრე ქცევითი ნიშნები.
ამასთან, მკვლევრებმა ვერ იპოვეს ვერცერთი ქცევა, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯიშს ახასიათებს. ლაბრადორ რეტრივერებსაც კი, რომლებსაც ყმუილის ყველაზე დაბალი მიდრეკილება აქვთ, 8%-ში აღენიშნებოდათ ეს ჩვევა. ანალოგიურად, გრეიჰაუნდების პატრონების 90%-მა აღნიშნა, რომ მათი ძაღლები სათამაშოებს არასდროს მარხავენ, თუმცა სამმა პატრონმა თავისი გრეიჰაუნდი სათამაშოების ხშირ დამმალავად დაახასიათა.
მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს შერეული ჯიშის ძაღლების გენეტიკური წარმომავლობა იმის გასარკვევად, რამდენად გადადის ქცევა მემკვიდრეობით ჯიშთან კავშირში. ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთი მემკვიდრეობითი ნიშნები, როგორიცაა მორჩილება, მეტ-ნაკლებად კორელაციაშია ჯიშთან, თუნდაც შორეულ წინაპრებში. წმინდა სისხლის ძაღლების შემთხვევაში, წარმომავლობას ქცევის პროგნოზირება ოდნავ უფრო ზუსტად შეუძლია. თუმცა, ნაკლებად მემკვიდრეობითი ნიშნებისთვის, მაგალითად, რამდენად ადვილად ღიზიანდება ძაღლი ამა თუ იმ სტიმულზე, ჯიში ქცევის წინასწარმეტყველებისთვის თითქმის უსარგებლოა.
საბოლოო ჯამში, კარლსონმა და მორილმა იდენტიფიცირება გაუკეთეს ძაღლის გენომის 11 უბანს, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ქცევით განსხვავებებთან და არცერთი მათგანი კონკრეტულ ჯიშზე მიბმული არ არის; კიდევ 136 უბანი სავარაუდო კავშირშია ქცევასთან. გენეტიკური განსხვავებები ისეთ ჯიშებს შორის, როგორიცაა ოქროსფერი რეტრივერი, ჩიხუახუა, ლაბრადორი, გერმანული ნაგაზი და სხვები, უპირველეს ყოვლისა გავლენას ახდენს ფიზიკურ ნიშნებზე (ბეწვის ფერი, სიგრძე) და გაცილებით ნაკლებად — ქცევაზე პასუხისმგებელ გენებზე.
„ქცევების უმეტესობა, რომლებსაც კონკრეტული თანამედროვე ჯიშების მახასიათებლებად მივიჩნევთ, სავარაუდოდ, მგლიდან ველურ ძაღლამდე, შემდეგ მოშინაურებულ ძაღლამდე და ბოლოს თანამედროვე ჯიშებამდე ევოლუციის ათასწლეულების შედეგია,“ — ამბობს კარლსონი. „ეს მემკვიდრეობითი ნიშნები ჯიშების შექმნამდე ბევრად ადრე არსებობდა. თითოეულმა ჯიშმა ძველი ძაღლების გენეტიკური ვარიაციები მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა არა იდენტური სიხშირით. დღეს ეს სხვაობა ვლინდება ხასიათსა და ქცევაში, რომელიც ჯიშის ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, მაგრამ არა — ყველას“.