მკვლევრების თქმით, ზოგიერთ ძაღლს ადამიანის მზერის, ჟესტების, ყურადღებისა და ხმის ტემბრის მიხედვით სწავლა შეუძლია.
იქნება ეს საკვების სახელი თუ უცენზურო სიტყვა, პატარა ბავშვები ლექსიკას ხშირად უფროსების საუბრის მოსმენით იმდიდრებენ — ახლა კი მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იგივეს გაკეთება ზოგიერთ ძაღლსაც შეუძლია.
უჩვეულო უნარების მქონე ძაღლებს, რომლებსაც უამრავი საგნის სახელის დამახსოვრება შეუძლიათ, ახალი სიტყვების ათვისება სხვის საუბარზე მიყურადებითაც გამოსდით.
ჯგუფის განმარტებით, ეს შესაძლებლობა სოციალურ-კოგნიტური უნარების მთელ რიგს ეყრდნობა: საუბარში საჭირო სიტყვის იდენტიფიცირებიდან დაწყებული, ადამიანის მზერის, ჟესტებისა და ხმის გამოყენებით იმის მიხვედრით დამთავრებული, თუ რას მიემართება კონკრეტული სიტყვა.
„აქ ბევრი რთული სოციალური პროცესი მიმდინარეობს და არ ვიცით, აკეთებენ თუ არა ძაღლები ამას ზუსტად ისე, როგორც ბავშვები,“ — ამბობს კვლევის პირველი ავტორი, ვენის ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტის დოქტორი შანი დრორი. „თუმცა ზედაპირულ დონეზე ჩანს, რომ შედეგი იდენტურია“.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მკვლევართა ჯგუფი აღწერს, როგორ მივიდნენ ამ აღმოჩენამდე „სიტყვების სწავლის ნიჭით დაჯილდოებულ“ ძაღლებთან მუშაობისას.
პირველ ექსპერიმენტში მონაწილეობდა 10 ასეთი ძაღლი — მათ შორის ბორდერ კოლები, ბორდერ კოლის მეტისები და ლაბრადორი. თითოეულ მათგანს ორი ახალი სათამაშო გააცნეს.
თითოეულ სათამაშოს ძაღლს ერთი წუთის განმავლობაში აჩვენებდნენ და მის სახელს უმეორებდნენ, სანამ მასთან თამაშის უფლებას მისცემდნენ. ეს პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში მრავალჯერ მეორდებოდა.
მეორე ექსპერიმენტი მსგავსი იყო, თუმცა ახალი სათამაშოს ძაღლისთვის პირდაპირ წარდგენის ნაცვლად, ოჯახის წევრები ნივთს ერთმანეთს გადააწოდებდნენ და მის სახელს ახსენებდნენ, ისე, რომ ამ პროცესში ცხოველთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
თითოეული ექსპერიმენტის ბოლოს მკვლევრები ამოწმებდნენ, ისწავლა თუ არა ძაღლმა ახალი სათამაშოების სახელები. ამისთვის ახალ ნივთებს ოთახში ცხრა ნაცნობ სათამაშოსთან ერთად ათავსებდნენ. შემდეგ პატრონი ძაღლს სთხოვდა კონკრეტული სათამაშოს მოტანას. სულ ჩატარდა 12 ცდა ახალი სათამაშოებისთვის და 12 — ძველებისთვის.
ჯამური შედეგების მიხედვით, ძაღლებმა ახალი სათამაშო სწორად შემთხვევების დაახლოებით 90%-ში ამოიცნეს, როცა სახელი მათთვის პირდაპირ ჰქონდათ ნათქვამი; ხოლო იმ შემთხვევაში, როცა სახელს მხოლოდ გვერდიდან მოკრეს ყური, შედეგი 80% იყო — სტატისტიკურად ეს სხვაობა უმნიშვნელოა. უფრო მეტიც, ორივე სცენარის დროს ძაღლების მიერ სწორი სათამაშოს არჩევის მაჩვენებელი იღბლიან დამთხვევაზე გაცილებით მაღალი იყო.
„ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რას გვეუბნება ეს ამ ძაღლების უნარზე, აღიქვან ჩვენი კომუნიკაცია“, — ამბობს დრორი.
კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ „ნიჭიერ“ ძაღლებს ახალი სათამაშოს სახელის სწავლა მაშინაც შეეძლოთ, როცა ნივთს ახსენებდნენ, მაგრამ ფიზიკურად არ აჩვენებდნენ (ნივთი არ ჩანდა) — ეს ის უნარია, რომელსაც ბავშვებიც ავლენენ.
ჯგუფი აღნიშნავს, რომ სხვისი საუბრიდან სიტყვების სწავლის უნარი ადრე დაფიქსირდა ენობრივად მდიდარ გარემოში გაზრდილ ბონობოებში, ასევე არსებობს მტკიცებულებები აფრიკული რუხი თუთიყუშების შესახებ. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივ, ტიპურ ოჯახის ძაღლებს ეს უნარი არ გააჩნიათ.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები აცხადებენ — შედეგები მიანიშნებს, რომ საჭირო სოციალური უნარები მხოლოდ ადამიანებს არ გააჩნიათ.
„ფაქტი, რომ ეს უნარი არსებობს სახეობაში, რომელსაც მეტყველება არ გააჩნია, მიუთითებს იმაზე, რომ თავად უნარი ენის გაჩენაზე უფრო ძველია“, — ამბობს დრორი. „ანუ, ადამიანებს ჯერ განუვითარდათ რთული სოციალური ურთიერთქმედებების გაგების უნარი და მხოლოდ მოგვიანებით გამოიყენეს ეს ცოდნა ენის შესაქმნელად“.
ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი მერილინ ვიმანი, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, ამბობს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რატომ არიან კონკრეტული ძაღლები „ნიჭიერი შემსწავლელები“. თუმცა, მისი თქმით, მათი უნარი, აითვისონ სიტყვები სმენით, საკმაოდ შთამბეჭდავია და შეესაბამება იმას, რასაც ხშირად 18 თვის ბავშვები ახერხებენ.
„ვინაიდან ძაღლები, როგორც ავტორები აღნიშნავენ, ძალიან არიან ორიენტირებულნი ადამიანებზე, რომლებზეც მათი გადარჩენაა დამოკიდებული, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს“, — ამბობს ის. თუმცა ვიმანი ამატებს, რომ შესაძლოა მკვლევრებს აქამდე გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ იმ სოციალურ უნარებზე, რომლებიც ჩვილებს სხვისი საუბრიდან სიტყვების სასწავლად სჭირდებათ. „შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, სიტყვის უბრალოდ მრავალჯერ მოსმენა საკმარისი იყოს მისი დამახსოვრებისთვის“.